ღონისძიებები

2025-05-26

15:00

საერთო სახალხო შეთანხმება - მემორანდუმი

საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 3.2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით. მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ქართული დიასპორები ვიცავთ კონსტიტუციას და კონსტიტუცია გვიცავს ჩვენ! სრულიად სახალხო შეთანხმება - მემორანდუმი პრეამბულა მემორანდუმი არის აქტი, რომელზეც თანხმდება ყველა ხელმომწერი სუბიექტი. მემორანდუმის მიზანია, შედგეს სახალხო შეთანხმება საქართველოს მოქალაქეთა, სამოქალაქო აქტიურ ჯგუფებს, მსოფლიოს ქართული დიასპორებსა და პოლიტიკურ აქტორებს შორის. შეთანხმების საგანია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში დაცული სიკეთის განხორციელება და წარმოადგენს ემიგრანტთა ხედვას ამ მიზნის მისაღწევად. საქართველოს ე.წ. მთავრობამ გააყალბა 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები, უგულებელჰყო რა საყოველთაობის, თანასწორობისა და ფარულობის პრინციპები; დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი; უღალატა ქართველი ხალხის ნებას და მიმდინარე, უწყვეტი პროტესტის მიუხადავად ნაციონალურ დონეზე არ ცნო ბათილად 2024 წლის არჩევნების შედეგები; შეკრიბა ფიქტიური მე-11 მოწვევის პარლამენტი; კანონდარღვევით აირჩია ე.წ. პრეზიდენტი და სრულად მიიტაცა ხელისუფლება; ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ხალხი არ აღიარებს 2024 წლის არჩევნების შედეგებს და არსებულ ხელისუფლებას მიიჩნევს არალეგიტიმურად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არსებული ხელისუფლება არის სრულ იზოლაციაში დასავლელი პარტნიორების მხრიდან და შეჩერებულია ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნება ევრო-ატლანტიკურ მომავალზეც. ყველა ზემოთაღნიშნილიდან გამომდინარე, ქვეყანა შესულია უმწვავეს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში; კრიზისის განმუხტვისთვის საჭიროა ახალი არჩევნების ჩანიშვნა, რათა არჩეულმა და შესაბამისად, ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის უზრუნველსაყოფად. მემორანდუმი არის ემიგრანტთა ხედვა სახალხო ერთობაზე და საქართველოს მოქალაქეთა კონსოლიდაციაზე საერთო მიზნის ირგვლივ - შესაბამისად, მემორანდუმი არის ქართველი ხალხის (იხ. კონსტიტუციის მე-3 მუხლი) შეთანხმება იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველო დაუბრუნდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას . მემორანდუმი ემსახურება სწორედ ამ მიზანს და ასევე წარმოადგენს გზამკვლევსაც, რომელიც მოიაზრებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯებს; 1. ახალი არჩევნები. არსებული, ე.წ. პარლამენტი გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან, ხოლო ხელისუფლება არალეგიტიმურია რამდენიმე მიზეზით: •არჩევნებზე დაირღვა საყოველთაობის, თანასწორობის და ფარულობის პრინციპები; •არსებულმა პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება სცნო კანონის დარღვევით, რადგან პრეზიდენტმა არ მისცა ლეგიტიმაცია არჩევნების შედეგებს და არ მოიწვია ახალი პარლამენტი; •საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვაში იყო პრეზიდენტის მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში არჩევნების შედეგები გამოცხადდებოდა ბათილად და დაინიშნებოდა ხელახალი არჩევნები; შესაბამისად, ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს ბოლო, ლეგიტიმურმა მე-10 მოწვევის პარლამენტმა. 2. დროებითი ადმინისტრაცია. არჩევნებს ნიშნავს ბოლო ლეგიტიმური პარლამენტი, ხოლო არჩევნების მოსამზადებლად საჭიროა დროებითი ადმინისტრაცია, რომელსაც ექნება ქართველი ხალხის სრული ნდობა. •დროებითი ადმინისტრაციის შექმნის წესი: ვინაიდან, არსებული ხელისუფლება არალეგიტიმურია, მათ მიერ არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია და ლეგიტიმურად ითვლება ბოლოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. შესაბამისად, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, ვისაც აქვს უფლება წარმოადგენდეს ქართველ ხალხს, არის საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომ, მხოლოდ პრეზიდენტმა ქართველ ხალხთან შეთანხმებით, შეიძლება დანიშნოს დროებითი ადმინისტრაციაც. •დროებითი ადმინისტრაციის შერჩევის წესი: საქართველოში არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი სამინისტროები: •საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო •საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო •საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო •საქართველოს თავდაცვის სამინისტრო •საქართველოს იუსტიციის სამინისტრო •საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო •საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო •საქართველოს ფინანსთა სამინისტრო •საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო •საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შესაბამისად, საჭიროა 10 კანდიდატი დროებითი ადმინისტრაციის დასაკომპლექტებლად- 5 კანდიდატს წარადგენს სამოქალაქო სექტორი და 5 კანდიდატს პოლიტიკური პარტიები. • დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა: დროებითი ადმინისტრაცია იმუშავებს ახალი არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფაზე. ახალი არჩევნების ჩანიშვნის ვადად განისაზღვროს 2025 წლის გვიანი გაზაფხული. შესაბამისად, ახალი სამართლიანი არჩევნებით არჩეული ლეგიტიმური პარლამენტი დააკომპლექტებს ახალ ლეგიტიმურ მთავრობას კანონით განსაზღვრულ ვადებში. 3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დროებითი ადმინისტრაცია. მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმების საგანს წარმოადგენს ცესკოს ახალი, დროებითი ადმინისტრაციის შექმნა, რადგან ცესკოს თავჯმდომარე და არსებული ადმინისტრაცია თანამონაწილეა 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში. •ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლის წესი: ცესკოს თავმჯდომარეს დაასახელებს სამოქალაქო საზოგადოება; ცესკოს ადმინისტრაციის წევრებს წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი 50%-50%. •ცესკოს დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა: ცესკოს დროებითი ადმინისტრაცია იმუშავებს იმ ვადით, რომელიც საჭიროა ახალი არჩევნების მომზადებისთვის, პროცესის კანონიერებისა და შედეგის სანდოობის უზრუნველსაყოფად. 4. არჩევნების ჩატარების წესები: •არჩევნები საქართველოში ჩატარდება იგივე მეთოდით, როგორც ჩატარდა 2024 წლის 26 ოქტომბერს - იმ განსხვავებით, რომ საქართველოში საარჩევნო უბნებზე დაემატება სახის ამომცნობი მოწყობილობები. •არჩევნები საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარდება იგივე მეთოდით, როგორც ჩატარდა 2024 წლის 26 ოქტომბერს იმ განსხვავებით, რომ ყველა დასახლებულ პუნქტში, სადაც მინიმუმ 50 საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი საქართველოს მოქალაქეა, გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბანი. შემოთავაზებული პუნქტები არ საჭიროებენ არსებული კანონმდებლობის ცვლილებას. მემორანდუმი უნდა გახდეს შეთანხმების საგანი ხელისუფლების მიმტაცებელ ბიძინა ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორის. ამისთვის საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა გამოუცხადოს ნდობა, მიანიჭოს ლეგიტიმაცია და მომლაპარაკებლის სტატუსი პირს ან პირთა წრეს. 5. სამოქალაქო საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი / პირები: •საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი; •საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები (ყველა პარტიიდან ერთი წარმომადგენელი) •საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები (ყველა პარტიიდან ერთი წარმომადგენელი) და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები (ყველა ორგანიზაციიდან შეთანხმებული წარმომადგენელი) 6. მემორანდუმის გარანტორი მხარე. მემორანდუმით მოაზრებული პროცესისა და შედეგის წარმატებისთვის მიგვაჩნია, რომ საჭიროა არსებობდეს მესამე ხელმომწერი მხარე, როგორც მემორანდუმის გარანტორი - განსახილველი ვერსიები: •ევროსაბჭო და მისი ხელმძღვანელი; •ევროკომისია ან ევროპარლამენტი; •თეთრი სახლის ადმინისტრაცია; ამ ხელმოწერით გარანტორი სრულად ჩაერთვება შეთანხმების აღსრულებაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იქნება ეს დროული სანქცირება თუ მოლაპარაკებები ხელისუფლების მიმტაცებელ ბიძინა ივანიშვილთან. იმისდა მიხედვით, თუ ვინ ჩაერთვება მემორანდუმის გარანტორად როგორც მესამე მხარე, გადაწყდება თუ სად მოხდება მემორანდუმზე შეთანხმება/ხელმოწერა, შესაბამისად: საბოლოო ხელმოწერა მოხდება ბრიუსელში ან ვაშინგტონში, იმისდა მიხედვით თუ ამ პუნქტში შემოთავაზებული სცენარებიდან რომელი გარანტორი იქნება შერჩეული, 7. მემორანდუმზე ხელმომწერები: საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები (არაუმეტეს 4) სამოქალაქო აქტიური ჯგუფების წარმომადგენლები (არაუმეტეს 3) მემორანდუმის გარანტორი მხარე. 8. მემორანდუმის მოქმედების ვადა: მემორანდუმი ძალაში შედის საბოლოო ხელმოწერისთანავე. 9. მემორანდუმის დარღვევა: ხელმომწერებისთვის სავალდებულოა ყველა პუნქტის შესრულება. მემორანდუმის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ხელმომწერი მხარის მიერ ის ქმედება, რაც პირდაპირ ან ირიბად ხელს უშლის მემორანდუმის აღსრულებას. 10. მემორანდუმის დამრღვევი მხარე ან სუბიექტი - იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მხარე ან სუბიექტი ჩაითვლება მემორანდუმის დამრღვევად, დანარჩენი ხელმომწერები შეწყვეტენ მასთან ურთიერთობას მემორანდუმის ფარგლებში და მემორანდუმის შესრულება გაგრძელდება დამრღვევი სუბიექტის გარეშე; • მემორანდუმის დამრღვევი სუბიექტი ვერ იქნება მონაწილე იმ პოლიტიკური პროცესის, რომელიც მემორანდუმის მიხედვით იქმნება. • მემორანდუმის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიქმნება დასასანქცირებელთა სია, რომლის აღსრულების მთავარი აქტორი იქნება მემორანდუმის გარანტორი მესამე მხარე. • მემორანდუმს აქვს დანართი*, რომელიც მოკლედ აღწერს პოსტსაარჩევნო პერიოდს; მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები პასუხისმგებლობას იღებენ დანართში მოცემული პუნქტების შესრულებაზე; დანართი ეხება მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს და არ მოიაზრებს გარანტორ მხარეს. დანართი პრეამბულა დანართი მოკლედ აღწერს პოსტ-საარჩევნო პერიოდს; მემორანდუმის დანართი არის დოკუმენტი, რომელიც ემსახურება ხალხის რწმენის განმტკიცებას და წარმოადგენს ხელმომწერი მხარის/საქართველოს პოლიტიკური სპექტრის გზამკვლევს პოსტ-საარჩევნო პერიოდში. მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პოსტ-საარჩევნო პერიოდში იმოქმედებენ უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად; გაატარებენ ყველა საჭირო რეფორმას, საქართველოს ევრო-ინტეგრაციის კურსის გასაგრძელებლად და ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად; მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები პასუხისმგებლობას იღებენ დანართში შეტანილი რეფორმების შესრულებაზე. 1. საარჩევნო რეფორმა: საარჩევნო კოდექსში შესატანი ძირითადი ცვლილებები: 1.1. საქართველოში და საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეთა არჩევნებში მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, დაინერგოს ჰიბრიდული საარჩევნო მოდელი: ტრადიციული წესით არჩევნების ჩატარება (საარჩევნო უბნებზე გამოცხადებით ხმის მიცემა), ელექტრონული დისტანციური წესით არჩევნების ჩატარება და საფოსტო გზავნილით არჩევნების ჩატარება. 1.2. ცესკოს თავმჯდომარეს აირჩევს პარლამენტის 2/3. 1.3. საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციისთვის, პოლიტიკური პარტია ვალდებულია წარადგინოს საქართველოს განვითარების 4 წლიანი გეგმა და ჩრდილოვანი კაბინეტი - პარტიების მიერ წარდგენილი გეგმა სავალლდებულო შესასრულებელი იქნება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში; 1.4. პარლამენტი შექმნის კომისიას, რომელიც ყოველწლიურად შეამოწმებს ხელისუფლების მიერ გეგმის შესრულების ხარისხს; იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელიწადში, გეგმასა და შესრულებას შორის ჩამორჩენა 50% ან მეტია, აღმასრულებელი ხელისუფლება გადადგება; ხოლო თუ აღნიშნული მაჩვენებელი გეგმის შესრულების თანახმად 50%-75% შორისაა, მაშინ თანამდებობებს დატოვებენ ის კონკრეტული მინისტრები, რომლებაც ჩააგდეს საერთო მაჩვენებელი; 1.5. გეგმის შემოწმება დამოკიდებული იქნება არა პარლამენტარების კეთილსინდისიერებაზე, არამედ ინდიკატორების სისტემაზე, რომელიც შეიქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობის შესაფასებლად. პარლამენტი, სისტემის მიერ ნაჩვენებ ინდიკატორებს ასახავს ყოველწლიურ ანგარიშში. ასეთი სისტემა, იმავდროულად გამორიცხავს პარტიების მიერ წინასაარჩევნო პროგრამის იგნორირებას (ე.წ. ტყუილი დაპირებები) და მათ აიძულებს რეალურად იმუშაონ ამ გეგმაზე ან გაერთიანდნენ კოალიციებად, თუ ამის რესურსი არ გააჩნიათ ცალკე. 2. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები: 2.1. თანამედროვე ტექნოლოგიის ეპოქაში ხელისუფლების დაბალანსების სისტემები მეტად უნდა იყოს დამოკიდებული ტექნოლოგიებზე და ხალხის ჩართულობაზე, რაც დემოკრატიის ხარისხს გაზრდის და პროცესს მეტ სანდოობას შესძენს. 2.2. საჭიროა დაინერგოს ხალხის კმაყოფილების ყოველწლიური ინდექსი, რომელიც ელექტრონული წესით გაიზომება 1-20-მდე შკალით; იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებიდან 2 წლის თავზე, ხალხის კმაყოფილების ინდექსი 50%-ით გაუარესდა და 1.4 პუნქტის მიხედვით, ხელისუფლების წლიური მაჩვენებელი იქნება 50%ის ქვემოთ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. 2.3. ემიგრაციის შესახებ კანონი (პორტუგალიური მოდელი) 3. სასამართლო რეფორმა: 3.1. ყველა იმ მოსამართლის შემთხვევას, რომელმაც განიხილა მანიფესტანტების ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის ე.წ პოლიტიკური საქმეები და ასევე, სხვადასხვა ქვეყნების მიერ სანქცირებულ მოსამართლეთა საქმეებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც შედგება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან; 3.2. სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების მიზნით ყველა მოსამართლე და მნიშვნელოვანი აპარატის თანამდებობის პირი გაივლის ე.წ. ვეთინგის სისტემას კრიტერიუმების ერთობლიობა, რომელიც აფასებს პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას; ვეთინგის ფარგლებშივე მოხდება ქონებრივი მდგომარეობის ზედმიწევნით შესწავლაც. 3.3. სასამართლოში შეიქმნას მოსამართლეთა ელექტრონული განაწილების სისტემა მცოცავი ალგორითმით; საქმეთა სირთულის მიხედვით და თანაბარი გადანაწილების პრინციპით, რათა გამოირიცხოს საქმეზე დასანიშნი, შესაძლო მოსამართლის ვინაობის წინსწრებით ცოდნა; დაჩქარდეს საქმის წარმოება და საქმე განხილულ იქნას განსაზღვრულ/მოკლე ვადებში (განხილვის დაჩქარებისთვისაც გამოყენებულ იქნას ელექტრონული სისტემები). 3.4. იუსტიციის საბჭოს წევრებიდან 2 დანიშნოს საპარლამენტო უმრავლესობამ, 1 უმცირესობამ, 1 პრეზიდენტმა, 1 სამოქალაქო სექტორმა/ პროფესიულმა - აკადემიურმა წრეებმა და 5 მოსამართლეთა კორპუსმა. 3.5. შეიქმნას/რეფორმირდეს სწავლების ცენტრი, რომელიც აერთიანებს მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს (სერტიფიცირება); სწავლის კურსის გავლა სავალდებულო იქნება, როგორც არსებული მოსამართლეთათვის, ასევე სისტემაში სამსახურის დაწყების ყველა მსურველისთვის (კარიერული პრინციპის უზრუნველსაყოფად); სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ყველა კურსდამთავრებული გაივლის სპეციალურად შექმნილ ტესტებს და გასაუბრებას მიზნობრივ საგანგებო კომისიასთან - შემადგენლობა: პროფესიონალი იურისტები, სისტემის თანამშრომლები და ფსიქოლოგები; ტესტირების და გასაუბრების მიზანია პრევენციულად მინიმუმამდე დაიყვანოს სისტემაში არაკეთილსინდისიერებისკენ მიდრეკილთა მოხვედრა. 3.6. შეიქმნება სტატისტიკის ელექტრონული სისტემა, რომელიც ჩაშლილია სხვადასხვა ინდიკატორებად, რათა უკეთ გამოჩნდეს ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანობა; ამ სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე მოხდეს კარგი პროფესიონალების წახალისება და კარიერული წინსვლა. 4. პროკურატურის რეფორმა/პოლიციის რეფორმა/სასჯელაღსრულების რეფორმა. სისტემების გაჯანსაღების მიზნით: 4.1. ყველა მოხელეს, რომელიც ჩართული იყო მანიფესტანტების ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის საქმეებში (ე.წ პოლიტიკური საქმეები) და სხვადასხვა ქვეყნების მიერ სანქცირებულ მოხელეთა საქმეებს განიხილავს საგანგებო კომისია, რომელიც შედგება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან. 4.2. აპარატის თანამდებობის პირი გაივლის ე.წ. ვეთინგის სისტემას, იხ. 3.2. 4.3. შეიქმნას/რეფორმირდეს სწავლების ცენტრი; სწავლის კურსის გავლა სავალდებულო იქნება, როგორც მოქმედი თანამშრომლებისთვის, ასევე სისტემაში სამსახურის დაწყების მსურველისთვის; 4.4. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ყველა კურსდამთავრებული გაივლის ტესტებს და გასაუბრებას მიზნობრივ საგანგებო კომისიასთან - შემადგენლობა: პროფესიონალი იურისტები, სისტემის თანამშრომლები და ფსიქოლოგები; ტესტირების და გასაუბრების მიზანია პრევენციულად მინიმუმამდე დაიყვანოს სისტემაში არაკეთილსინდისიერებისკენ მიდრეკილ პირთა მოხვედრა; 4.5. შეიქმნება სტატისტიკის ელექტრონული სისტემა, რომელიც ჩაშლილია სხვადასხვა ინდიკატორებად და ასახავს ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანობას; ამავე სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე მოხდება პროფესიონალების წახალისება და კარიერული წინსვლა. 5. რეფორმა საგანმანათლებო სექტორში: 5.1. პროფესიული სასწავლებლები -შეიქმნას პროფესიული გადამზადების ცენტრები, რომელიც დაეფუძნება ბაზრის სწორ შესწავლას; სურვილის შემთხვევაში მე-10 კლასიდან მოსწავლეს შეეძლოს დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას, რაც ავტომატურად უნდა ნიშნავდეს მის დასაქმებას. დასაქმების ორი ძირითადი გზა იარსებებს: • ა) თვითდასაქმება (პროფესიების და მისაღები კონტიგენტის ოდენობა ბაზრის კვლევას დაეფუძნება, ამიტომ პროფესიული უნარების შესწავლისთანავე კურსდამთავრებულს შეეძლება თვითდასაქმება) • ბ) შეიქმნება სახელმწიფო დასაქმების სააგენტო, რომელიც კერძო სექტორთან ითანამშრომლებს და პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს დააკავშირებს სექტორთან; იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ კურსდამთავრებული გადაწყვეტს სწავლა განაგრძოს უმაღლეს სასწავლებელში, მას შეუძლია ამის განხორციელება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად. 5.2. უმაღლესი განათლება • შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც ყოველწლიურად 200-ამდე სტუდენტს გააგზავნის ევროპის 27 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად კონკურსის გავლის შედეგად. • შეიქმნება ევროპაში საუკეთესო ტექნოლოგიური უნივერსიტეტების კონსორციუმი და გაიხსნება სასწავლო კამპუსები საქართველოს რეგიონებში - მაგალითად, კომპიუტერული მეცნიერებები თელავში, ენერგეტიკა ხაშურში, არქიტექტურა ოზურგეთში და ა.შ. კონსორციუმში შევა ლიუვენის, ამსტერდამის, მიუნხენის, ბერლინის, მადრიდის, ბრისტოლის და სხვა ცნობილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტები. • შეიქმნება ევროპის საუკეთესო ჰუმანიტარული უნივერსიტეტების კონსორციუმი და გაიხსნება სასწავლო კამპუსები საქართველოს რეგიონებში - მაგალითად, სამართლის ინსტიტუტი წყალტუბოში, ფინანსური ინსტიტუტი წალენჯიხაში და ა.შ. კონსორციუმში შევა ოქსფორდის, კემბრიჯის, სორბონას და სხვა ცნობილი უნივერსიტეტები. • გატარდება შესაბამისი ღონისძიება იმისათვის, რომ საქართველოს უნივერსიტეტის დიპლომი ავტომატურად აღიარებული იქნას ყველა წამყვანი ქვეყნის მიერ. 5.3. დოქტურანტურა: • შეიქმნება კვლევითი ცენტრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევრო-კომისიის საგრანტო პროგრამებში (Horizon) - ეს საშუალებას მისცემს როგორც წარჩინებულ მაგისტრანტებს, ასევე დოქტურანტურის სტუდენტებს დასაქმდნენ სწავლის პერიოდში და მიიღონ ანაზღაურება. • გატარდება შესაბამისი ღონისძიება იმისათვის, რომ დოქტორის სტატუსი სრულ შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან და ავტომატურად იქნეს აღიარებული, რათა მსურველმა შეძლოს ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში დასაქმება. განათლების რეფორმის შედეგები: ა) ყველა მსურველისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება; ბ) უნივერსიტეტები რეგიონებში, რაც გააჩენს ახალ სიცოცხლეს - მსოფლიო პრაქტიკა, სადაც უამრავი უნივერსიტეტი გაშენდა სოფლად და ყველა ამ ადგილას, დღეს დიდი და ცნობილი ქალაქებია; გ) ახალი უნივერსიტეტები მოიზიდავს აზიიდან უამრავ სტუდენტს, რაც გააჩენს დიდ ფინანსურ სარგებელს; დ) ახალი უნივერსიტეტები ქვეყანას მისცემს სერიოზულ შრომით რესურს, რაც ქვეყნის სწრაფ განვითარებას დაეხმარება; 6. რეფორმა დიასპორების სექტორში: კანონმდებლობა და სააქციო საზოგადოება: 6.1. საქართველო მიიღებს კანონს დიასპორების შესახებ, რათა დიასპორებს ჰყავდეთ წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებაში (პორტუგალური მოდელი); 6.2. დიასპორებისთვის შეიქმნება სააქციო საზოგადოება, რომელიც დაეფუძნება დაბალპროცენტიან გადარიცხვის აპლიკაციას; შეიქმნება ქართული კრიპტო ვალუტა, რომელიც იქნება დიასპორების სააქციო საზოგადოების მფლობელობაში; აპლიკაციის მეშვეობით ყოველი გადარიცხვისას, თანხის გამგზავნი გადასარიცხი თანხის შესაბამის კრიპტო ვალუტას ავტომატურად ყიდულობს, ხოლო თანხის განაღდებისას კი,- ყიდის; იმ მცირე პროცენტით, რასაც თანხის გადარიცხვის საკომისიოდ იხდის, გადამგზავნი ხდება შესაბამისი თანხის აქციის მფლობელი სააქციო საზოგადოებაში და რაც უფრო მეტ თანხას რიცხავს აღნიშნული აპლიკაციით, მით უფრო მეტი აქციის მფლობელი ხდება. აღნიშნული პროექტით, 4 წლის თავზე სააქციო საზოგადოებას უგროვდება საფონდო კაპიტალი, რომელიც საშუალებას აძლევს გახსნას ელექტრომობილების ან დრონების ქარხანა საქართველოში. ამ პროექტის განხორციელებით დიასპორის წარმომადგენლებს ექნებათ სრული ეკომომიკური დამოუკიდებლობა *არ იქნებიან დამოკიდებულნი ევროკავშირის ან საქართველოს პროექტებზე და არავინ უკარნახებს როდის დაბრუნდნენ თავის სამშობლოში. 7. აგრალური სექტორის რეფორმა: 7.1. სოფელში შეიქმნება სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერები გახდებიან თავად ფერმერები (გლეხები); სააქციო საზოგადოებების სპეციფიკა განისაზღვრება რეგიონის მიხედვით - მაგალითისთვის, კახეთში ფერმერი არამარტო თავის მოწეულ პროდუქტს ჩააბარებს სააქციო საზოგადოებას, არამედ დაელოდება ღვინის გაყიდვიდან მიღებულ დივიდენდს; სააქციო საზოგადოების პირველი კლიენტის მოძიების გარანტორია თავად სახელმწიფო (ფრანგული მოდელი). 7.2. შეიქმნება სააგენტო, რომელიც წინსწრებად იმუშავებს ბაზრის კვლევაზე და ყოველწლიურად უზრუნველყოფს ფერმერების ინფორმირებას ბაზრის მოთხოვნებზე. 7.3. საქართველოს სოფლის მეურნეობას გააძლიერებს ბიოპროდუქტებზე მუშაობა, რაც ევროკავშირის 400 მილიონიანი ბაზრის ათვისების კარგი შესაძლებლობაა, რათა გამოყენებულ იქნეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბენეფიტები. 8.სოციალური დახმარების რეფორმა/უმუშევრობის დახმარება: 8.1. განისაზღვრება საარსებო მინიმუმი, როგორც წინაპირობა სოციალური დახმარების დასანიშნად; შეიქმნება სამართლიანი სოციალურად დაუცველთა ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქის დახმარებას საარსებო მინიმუმის შესაბამისად. 8.2. დასაქმების სააგენტო პარალელურად იზრუნებს, რომ ყველა სოციალურად დაუცველს მოუძებნოს სამსახური (ქმედითუნარიანობის კოეფიციენტი/საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება). 8.3. სოციალურად დაუცველს დასაქმებისთანავე შეუწყდება დახმარება. 8.4. თუ მოქალაქე დაკარგავს სამსახურს, ის ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს დასაქმების სააგენტოს ბაზაში, რის შემდეგაც მას დაენიშნება უმუშევრობის დახმარება დასაქმებისას განსაზღვრული ხელფასის 50% - ექვსი(6) თვის განმავლობაში. 8.5. თუ მოქალაქე, სამსახურის დაკარგვიდან ექვსი(6) თვის განმავლობაში, ვერ შეძლებს დასაქმებას, უმუშევრობის დახმარება შემცირდება საარსებო მინიმუმამდე. 8.6. ხელახალი დასაქმების შემთხვევაში მოქალაქეს შეუწყდება უმუშევრობის დახმარება. 9. საზღვარგარეთ დასაქმება: 9.1 ეკომომიკურად ძლიერ ქვეყნებთან მიღწეულ იქნება შეთანხმება, რომ შეიქმნას დასაქმების ქვოტები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგალითად: საფრანგეთი წელიწადში 3 ათასი სამუშაო ადგილი, გერმანია - წელიწადში 5 ათასი სამუშაო ადგილი, აშშ - წელიწადში 10 ათასი სამუშაო ადგილი და ა.შ. 9.2. სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაცია ღიად იქნება წარმოდგენილი საკონსულოებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, ხოლო საქართველოში სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება დასაქმების სააგენტოში. 10. ჯანდაცვის რეფორმა: 10.1. ფარმაცევტული ბაზარი გათავისუფლდება მონოპოლიებისგან და ბაზარზე არსებული ყველა მედიკამენტი შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან. 10.2. გაძლიერდება ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, მკაცრად გაკონტროლდება ოჯახის ექიმთა კვალიფიკაცია - რაც გაზრდის პრევენციული მკურნალობის წილს და შეამცირებს ურგენტულ / ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლას. 10.3. ყველა რაიონში იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი მინიმუმ 1 ჰოსპიტალი. 11. თავდაცვის რეფორმა: 11.1. სარეზერვო სამსახური გახდება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი. 11.2. საქართველო ამერიკის, ევროპის და სხვა პარტნიორთა დახმარებით შეიძენს ცის დაცვის საშუალებებს (ისრაელის მსგავს თავდაცვის საშუალებას) 11.3. სასურველია, ამერიკის შეიარაღებულ ძალების ლოჯისტიკური ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია: ა) საქართველო გახდება ევრო-აზიური დერეფანი დიდი ლოჯისტიკური ჰაბით, რაც გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ისეთი მეზობლების პირობებშიც კი როგორიც არის: რუსეთი, ირანი და ჩინეთი; ბ) საქართველო ჩაერთვება ევროპული ალტერნატიული ნავთობ-გაზსადენების პროექტში, რაც ასევე გაზრდის ქვეყნის ეკონომიკას და გააძლიერებს უსაფრთხოებას; გ) საქართველო უნდა გახდეს მნიშვნელოვანი რგოლი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების პროექტებშიც, აზიიდან ევროპისკენ, ალტერნტიული მაგისტრალის მშენებლობაში შავი ზღვის გავლით;

ვიდეო მიმართვა

ღონისძიების მოკლე ანონსი

სხვა ღონისძიებები

არ გამოგრჩეთ ჩვენი ღონისძიებები. მიიღეთ მონაწილეობა ღონისძიებებში და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი